წელიწადი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად გავიდა…

უკვე ჩავლაგდი, გადავბარგდი, ბინა დავცალე, ყველაფერი, რაც შესაძლოა დამჭირდეს, როცა მომდევნო წელს ეგვიპტიდან დავბრუნდები, სამ ნაწილად გავყავი და მეგობრებთან გადავიტანე. ჩემი საძინებლის კედლებიდან ყველა მოგონება ჩამოვხსენი: დაწყებული ჩემი ნახატებითა და მოგზაურობების დროს გადაღებული ფოტოებით, დამთავრებული ჩემი მეგობრების მიერ მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამოგზავნილი ღია ბარათებით. ყველაზე რთულად საქართველოს დროშისა და მის გვერდით ამაყად გაკრული გერმანიის რუკის ჩამოხსნას შეველიე. კოტბუსში რომ ჩამოვსახლდი ჩემი ბინა პირველად სწორედ ამ ორეულით დამშვენდა.

რუკაზე თეთრქუდა ქინძისთავებით გერმანიის ის ქალაქები მოვნიშნე, სადაც წასვლას ვგეგმავდი, მწვანექუდათი- ის ქალაქები, სადაც ნამყოფი ვიყავი, ხოლო წითელქუდა და საპატიო ქინძისთავი კოტბუსს მივამაგრე. სწორედ იგი უნდა ყოფილიყო ჩემი ორიენტირი ერთი წლის განმავლობაში. ახლა კი რუკის გრაგნილის გვერდით ჩემს პატარა ყუთში 20 მწვანექუდა ქინძისთავი აწყვია ამაყად. მეორე ცოტათი უფრო მოზრდილ ყუთში ლუდის თავსახურებია მოთავსებული. ეს ჩემი ლუდის სამყაროში მოგზაურობის სამახსოვროდ, 35 სხვადასხვა სახეობის იმ ლუდების თავსახურია, რომლებიც პირველად გერმანიაში გავსინჯე. ჩემი წიგნების ყუთს ოთხივე გვერდზე ქაღალდის ჯიბეები მივაკარი და შიგ მუზეუმების ბილეთები შევინახე. ამ ერთი წლის განმავლობაში მართლაც რომ უამრავ სხვადასხვა პროფილის მუზეუმს ვეწვიე, მათ შორის ყველაზე გამორჩეული მაინც ნოიეს მუზეუმია თავისი ეგვიპტური ხელოვნებით. ექსპოზიციის გვირგვინს ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი წარმოადგენს. იგი მინის სვეტში, მარტოდმარტო, ოთახის ცენტრშია მოთავსებული. მის გარშემო უამრავი მნახველი ირევა. ძალიან რთულია ასეთ ნატიფ სილამაზეს თვალი მოსწყვიტოს კაცმა. თითოეული ნაკვთი ისეთი ცოცხალია, თითქოს გრძნობ, როგორ სუნთქავს მისი სიფრიფანა, ზეთისხილისფერი კანი, როგორ თრთის მისი საფეთქლები. ნეფერტიტი ნამდვილად ყველა დროის უმშვენიერესი ქალია. სწორედ მისი და ამარნას პერიოდის სხვა ექსპონატების გამო ნოიეს მუზეუმის ხშირი სტუმარი ვიყავი. ასევე განსაკუთრებით შთამბეჭდავია დანიელ ლიბესკინდის ებრაელთა მუზეუმი, რომელსაც გასულ წელს სამჯერ ვეწვიე. ეს მონუმენტური შენობა თავად წარმოადგენს ექსპონატს. სივრცე ისეა დაგეგმარებული, რომ მნახველი არქიტექტურის ზეგავლენის ქვეშ ექცევა, მისი გამოცდილებაც სუბიექტურია და ლიბესკინდის ჩანაფიქრის მიხედვით ვითარდება. საოცარია, როგორ ახერხებს არქიტექტორი გამოიყენოს განათება და სივრცე, ასე ვთქვათ, საშენ მასალად და შექმნას დიზაინი, რომელსაც გულგრილად ვერავინ შეხედავს. იგი ხომ გერმანიის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდის შესახებ მოგვითხრობს.

ვფიქრობ და ჯერ არ წასულს უკვე საოცრად მენატრება ბერლინი. კოტბუსის უპირატესობა სწორედ ის იყო, რომ ასე ახლოს იყო დედაქალაქთან და ასე მარტივად და ხშირად შემეძლო როცა მომინდებოდა ჩავმჯდარიყავი მატარებელში და საათსა და ცამეტ წუთში იქ ვყოფილიყავი. ალბათ ასევე ხშირად გამახსენდება ჩემი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც ამაყად დგას გერმანიის ერთიანობის ქუჩის 2 ნომერში და თავისი დინამიური დიზაინითა და მდიდარი წიგნსაცავით იზიდავს სტუდენტებს. ყველაზე მეტად კი მაინც კოტბუსში გაცნობილი მეგობრები მომენატრება. ისინი მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან, ზოგმა უკვე დაასრულა სწავლა და შინ დაბრუნდა, ზოგი კი ჩემსავით გაცვლითი სემესტრით მიდის სხვა ქვეყანაში. რამდენიმე მათგანი კოტბუსში რჩება და აქ ამთავრებს სწავლას. ყველასთან გამომშვიდობება ნაღვლიანი, მაგრამ იმედიანი იყო. დარწმუნებულები ვართ, რომ ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე აუცილებლად გადავეყრებით ერთმანეთს.

cottbus

იმდენი სამახსოვრო ნივთი, იმდენი მოგონება შემიგროვდა, გეგმაში მაქვს, როდესაც დრო მექნება, აუცილებლად გავაკეთებ ალბომს, სადაც ყველა ბილეთს, რუკას, ფოტოსა თუ სამახსოვრო ნივთს თავს მოვუყრი, კომენტარებსა და სათაურებს ფერადი კალმებით დავაწერ და თაროზე საპატიო, გამოსაჩენ ადგილზე შემოვდებ. ამ წიგნში გასული წელი ერთ, ძალიან დიდ თავს დაიკავებს. მისი მომდევნო კი, არანაკლებ საინტერესო, ჩემი ეგვიპტის ერთ სემესტრიანი თავგადასავალი იქნება.

13975323_10157325497360593_3614172960930485483_o

Hinterlasse einen Kommentar